სკოლაზე მეფიქრება,
ჩვეულებრივ საჯარო სკოლასა და მასწავლებელზე. სულ მინდოდა ისეთი კველა ჩამეტარებინა
საზოგადოებაში, რომელც სკოლის მიმართ საზოგადოების მოლოდინებს დამანახებდა, რადგან
მოლოდინი განსაზღვრავს უკმაყოფილებას. იმის თქმა მინდა, რომ რაც მეტია მოლოდინი, მით
მეტია უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი.
საჯარო სკოლის
მასწავლებელზე მოგახსენებდით. მათი ნაწილი ტრენერია, ტრენინგ-მოდულებს ქმნიან და სხვა
მასწავლებლებს ამხადებენ. მეთოდებსა და აქტივობებს ასწავლიან, ზოგიერთი მათგანი მენტორია,
ესე იგი მაგისტრებსა თუ ბაკალავრებს იმ მადლიან საქმეს აზიარებენ, ამდენი წელი რასაც
თვითონ ემსახურებიან აღიარებისა და დაფასების გარეშე. აი, ჩვეულებრივი მასწავლებელი
კი მუდმივად ზრუნავს თავისი პროფესიული განვითარებისათვის. ეს ტრაფარეტული ფრაზა იცით
რა არის მასწავლებლისთვის? პირველ რიგში ის, რომ მასწავლებელი იკვლევს მის გაკვეთილებს,
მის მიერ გამოყენებულ სწავლების მეთოდებს, ეძიებს კლასის რა ნაწილთან გავიდა შედეგზე,
მერე ფიქრობს რა ჰქნას, რომ უფრო მეტ ბავშვს გააგებინოს, მერე რაღაც დედამიწაზე არარსებულ
თავისებურ მეთოდს ჰქმნის, ზოგჯერ დაფასა და ცარცს იყენებს, ზოგჯერ ელექტრონულ რესურსს
ქმნის. დიახ, ქმნის თითონ, რადგან რა შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს და რაოდენ უკიდეგანო
არ უნდა იყოს ინტერნეტსივრცე, მხოლოდ ამ კონკრეტულმა მასწავლებელმა იცის, რა სჭირდება
კონკრეტულ მოსწავლესა თუ მოსწავლეთა ჯგუფთან და ამას სხვა ვერავინ გააკეთებდა. მერე
ამ ყველაფერს იყენებს გაკვეთილზე, მერე ისევ აკვირდება როგორ „იმუშავა“ მეთოდმა, თუ
კი, ბედნიერია, თუ არა, მაშინ თავიდან!.. ამას გარდა სსსმ მოსწავლეებიც ჰყავს. მათ
აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ, სხვა დავალებები, სხვაგვარი მეთოდები...
ამ ყევლაფრის გარდა ეს ფრაზა, პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ასევე გულისხმობს
მასწავლებელმა იაროს ტრენინგებზე, გაეცნოს სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს.... გერთულათ?
მეც რთული მგონია, მაგრამ ამას ისინი ამას აკეთებენ. ეს მათი ყოველდღიურობაა. არ გჯერათ?
ნახეთ მასწავლებლების ბლოგები, გაეცანით მათ ნამუშევრებს, ნახეთ ტრენინგების სტატისტიკა,
ბოლოს და ბოლოს მოიცალეთ და შეირბინეთ ერთი 45 წუთით სკოლაშიც.
ახლა ის ვთქვათ
რა კატეგორიის ბავშვებთან გვიწევს მუშაობა. ეს უნმიშვნელოვანესია. თესლს კი ვდებთ,
მაგრამ რა ნიადაგი ხვდება, რა პირობები აქვს მას გასაღვივებლად და გასავითარებლად.
ჩვენი საყვარელი მოსწავლეების უმრავლესობა „თავისუფალი“ ადამიანები არიან ამ სიტყვის
მათეული და ყველაზე ცუდი გაგებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკეთ იციან როდის იმეცადინონ
და როდის არა, მათ უკეთ იციან როდის და რა მიზეზეით გააცდინონ სკოლა და როდის არა,
მათ უკეთ იციან როდის უნდა დაწერონ დავალება და როდის არა!! ეს კი მხოლოდ იმიტომ რომ
ბებია-ბაბუებს არ შეუძლიათ იყვნენ სრულფასოვანი მშობლები. ეს მათ შესაძლებლობებს ზემოთაა.
ბიოლოგიური მშობლები კი ან ქვეყანაში არ არიან,
ან სახლში, მუშაობენ და თავიანთ შვილებს ვერ აკონტროლებენ. არადა რა ქნან, მათაც უჭირთ.
მერე კი დაღლილ-დაქანცულს იმის თავი ხომ არ აქვს, რომ შვილს დავალებების მომზადებაში
დაეხმაროს, აღარც იმის ნერვები აქვს შეუმოწმოს მაინც რა შეასრულა. ასე მოდის სკოლაში
მოსწავლე, რომელმაც ის მოიტანა სკოლაში, რაც გუშინდელიდან დაამახსოვრდა და არც ერთი
სიტყვა არ დაუმატებია, არ განუმტკიცებია, არ გაუმეორებია! შინაგანი მოტივაცია უნდა
გავუღვივოთ? უნდა დავაინტერესოთ? კი ბატონო გეთანხმებით, მაგრამ ვერა და ვერ გავუჩინეთ
ეს ოხერი შინაგანი მოტივაცია, 12-17 წლის მოსწავლეს, რომელიც სკოლის გარეთ აბსოლუტურად უკონტროლოდაა და
მთელი ღამე მაპატიეთ და „პორნო“ აქვს ნაყურები. მისი გონება ვერ მოვმართეთ ფიზიკისკენ,
ქიმიისკენ, მათემატიკისკენ, ვერაფრისკენ... რომელიმე ინტელექტი აუცილებლად ექნება,
უნდა აღმოვაჩინოთ და იმის განვითარებაზე უნდა
ვიმუშაოთო. აღმოჩენილია! არაჩვეულებრივი მათემატიკური უნარები აქვს, მაგრამ რად გინდა,
არ მეცადინეობს ბატონებო. ეს ოხერი კიდე ისეთი საგანია მეცადინეობის გარეშე დაღუპულია
ყველაფერი! არ გამოდის! ჩვენი სისუსტეა? სკოლის? რავიცი, მინიმუმ საკამათოა!
არ იფიქროთ რაიმე
პასუხისმგებლობას გავურბივართ, პირიქით დახმარება გვინდა, მარტო ვართ! „სკოლა, ოჯახი,
საზოგადოება“ ამ ჯაჭვში ოჯახი ჩაშლილია, არადა უნმიშვნელოვანესი რგოლია. არ ცვლის მშობლის
მზრუნველობას ფული, არც ლეპტოპი, არც „ზმანი“, არც „ტაბლეტი“... სითბო უნდა, სიყვარული
უნდა გულწრფელი დამოკიდებულება უნდა. ვერ ვაღწევთ ბატონებო მათ სულებამდე, მით უფრო,
რომ მათ უკვე აქვთ ვირტუალური სამყარო, ჰყავთ ვირტუალური მეგობრები. იგებენ ვირტუალურად,
აგებენ კიდეც. ვირტუალური სიხარულები აქვთ, ვირტუალური ცხოვრება... უჭირს სკოლას მშობლებო!
უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ, უამრავი ბარიერი დავძლიეთ, უამრავი თნამედროვე ფსიქოლოგის
შრომას გავეცანით, მაგრამ ფუჭია ყველაფერი თქვენი დახმარების გარეშე!
საბედნიეროდ ყველა
მოსწავლე ასე არაა, არც ყველა მასწავლებელია ისეთი, რაც აქ დავწერე, უბრალოდ უმრავლესობაზე
მოგახსენეთ... სიყვარულით მოგახსენეთ, გულისტკივილით, დახმარების იმედით...
მოკლედ მთლიანად
ვეთანხმები სადღაც ამოკითხულ ფრაზას: „თუ მშობელი თავის ადგილას არაა, სადაც გინდა
იქ იყოს მასწავლებელი“
ნონა ჩუბინიძე
2015 წლის 14
იანვარი
ჩვეულებრივ მასწავლებლებს ფიქრებიც ერთნაირი გვქონია... აი, ბატონებო, ხმამაღლა ნაფიქრიც, ყური დაუგდეთ!
ОтветитьУдалитьგაიხარეთ, ნონა. წინსვლას გისურვებთ.
უსიტყვოდ გეთანხმებით. ჩემი სათქმელიც თქვენ გითქვამთ.
ОтветитьУдалить