იდეების მოედანი – საინტერესო მეთოდი სკოლის საჭიროებების კვლევისთვის
იდეების მოედანი –
ეს სიტყვები პირველად სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე გავიგონე. დღის ბოლოს კი მისი მონაწილეც გავხდი. იმ დღეს ეს აქტივობა სამ სხვადასხვა თემაზე გაიმართა და სამივე იმდენად საინტერესო იყო, კარგა ხანს ვფიქრობდი, რომელ ჯგუფს შევერთებოდი. იმავე დღის ბოლოს უკვე ვიცოდი, რომ ამ აქტივობას სკოლის სივრცეში გადავიტანდი. წარმოვიდგინე კიდეც ადგილი, სადაც დავსხდებოდით, თემებიც კი მიტრიალებდა თავში. მოკლედ ასეთი აღფრთოვანებული და სავსე დავბრუნდი კონფერენციიდან.
დავიწყე ფიქრი გეგმაზე, რომლითაც განვახორციელებდი იდეას. უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც წამყვანი მასწავლებელი, სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროებების კვლევასაც ვახორციელებ თანასწორობის საკითხებზე. ეს თემა პირდაპირი გამოძახილი იყო ჩემი კვლევის.
მოსამზადებელი პერიოდი:
პირველ რიგში იდეა გავაჟღერე ჩემს მასწავლებლებთან და რამდენიმე დაინტერესებულმა ადამიანმა ერთად განვაგრძეთ ფიქრი. დაახლოებით წარმოვიდგინეთ ადგილიც, თემებიც და მსჯელობაში უკვე მივხვდით, რომ ახლა ჩვენს თავზე ბევრს ვიღებდით. სჯობდა აზრი ბავშვებისთვის გვეკითხა.
გავაკარით განცხადება, რომ სკოლაში იგეგმებოდა ახალი აქტივობა „იდეების მოედანი“ და დაინტერესებულ პირებს ვთხოვდით შეკრებილიყვნენ კონკრეტულ დროს. ყოველგვარი განმარტების გარეშე მოსწავლეთა საკმაო რაოდენობა შეიკრიბა. ბავშვებს ავუხსენით, რომ ვიწვევდით მსჯელობისთვის. ვაპირებდით გაგვეხსნა ნებისმიერი თემა, რომელიც მათ დააინტერესებდათ. უნდა ვაღიარო, რომ თემები, რომლებიც მათ დაასახელეს მეტად დამაფიქრებელი იყო. საბოლოოდ ბავშვები შეჯერდნენ კონფლიქტებზე. მათი ინტერესების სფეროს წარმოადგენდა სასკოლო კონფლიქტები. მეორე თემის შერჩევა ძალიან გაჭირდა. იმდენად აჟიტირებული იყვნენ ამ თემით, რომ სხვა თემაზე არ ეფიქრებოდათ. მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ეფიქრათ კონფლიქტის პრევენციულ თემაზე. ასე დაიბადა თანამშრომლობის იდეა. იმ დღეს გადაწყდა, რომ მოსწავლეები იფიქრებდნენ ორ თემაზე: „კონფლიქტები და მისი მოგვარების გზები“ და „თანამშრომლობა, როგორც კონფლიქტის პრევენცია“.
პარალელურად შევხვდით ქართული ენის მასწავლებლებს. მათაც გავაცანით იდეა და ვთხოვეთ, ეს თემები დაემუშავებინათ იმ თემატიკის ჭრილში, რომელსაც კონკრეტულ დროს ასწავლიდნენ.
ასევე შევხვდით დამრიგებლებს. მათაც იდეის გაცნობის შემდეგ ვთხოვეთ აღნიშნული თემები შეეტანათ მიმდინარე კვირის სადამრიგებლო საათის თემად.
პროცესი დაიძრა. საჭირო იყო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, რომლისთვისაც ისევ მოსწავლეებს ვთხოვეთ შეკრება. მომდევნო შეკრებაზე გადაწყდა, რომ ბავშვებს არ სურდათ სკოლის დერეფანში დასხდომა და სკოლის ეზოს ირჩევდნენ. ასევე არ სურდათ საფეხურების მიხედვით გადარჩევა. განაცხადეს, რომ ეს პრობლემები ყველასია, ამიტომ საბაზო და საშუალო საფეხურის ბავშვებს უნდა ემსჯელათ ერთად. მათ აიღეს პასუხისმგებლობა თავიანთ კლასებში იდეის შესახებ ინფორმირებაზე და მონაწილეთა რაოდენობების დაზუსტებაზე.
ასე ნელ-ნელა გამოვეთიშეთ უფროსები პროცესს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე გავაკეთე, იყო ის, რომ შევხვდი მოდერატორებს, ვნახე მათი ფლიპჩარტები, დავსვით აქცენტები, გავიარეთ თემები ბოლომდე. ერთმანეთის აზრებიც გაითვალისწინეს და კიდევ უფრო სრულყოფილად მოემზადნენ შერჩეული დღისთვის.
პროცესი:
და ეს დღეც დადგა. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა თავად მოაწყვეს სივრცე. დანიშნულ დროს ყველა ადგილზე იყო. ჩვენ, უფროსები პროცესს ვაკვირდებოდით გარედან, სკოლის ეზოს ის ნაწილი, რომელიც მათ შეარჩიეს, შენობებით შემოსაზღვრული შიდა ეზოა. ამიტომ ჩვენ ისღა გვრჩებოდა, რომ ფანჯრებიდან გვედევნებინა თვალი მიმდინარეობისათვის.
აღმოჩნდა, რომ 40 წუთზე გათვლილი აქტივობა გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ კი ბავშვები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
პროცესის შემდეგ
ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რა პრობლემები დასახელდა მოსწავლეების მიერ. პირველ რიგში მოსწავლეები ამბობენ, რომ კონფლიქტები სკოლაში თანატოლებს შორისაა. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია უფროსსა და მოსწავლეს შორის და ისიც ადვილად გვარდება. ამის მიზეზად ბავშვები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მათ არ იციან კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები და ადვილად ურთულდებათ სიტუაცია.
ბავშვები ითხოვენ კლასის დამრიგებლების მეტად გააქტიურებას. მიაჩნიათ, რომ კლასის დამრიგებელმა უნდა იცოდეს ოჯახური პრობლემებიც და უნდა გაითვალისწინოს ის.
კონფლიქტის დროს ამჯობინებენ არ ჩაერიოს მესამე პირი. ეს კი ყველამ ვიცით სადაც მიგვიყვანს. პრინციპში ამ უნდობლობის შედეგებს ყოველდღე ვიმკით.
ფლიფჩარტზე მინაწერებში ისინი ითხოვენ მეტ სახალისო აქტივობებს. ამბობენ, რომ საკლასო აქტივობები კარგია, მაგრამ ერთი სკოლა ვართ და მეტი სასკოლო აქტივობა სჭირდებათ.
და მათი გზავნილია ამოვიღოთ ხმარებიდან „მე მართალი ვარ“. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ეს გასათვალისწინებელია.
რა მოხდა შემდეგ?
დამეთანხმებით ალბათ, რომ სკოლის საჭიროებების კვლევის ინსტრუმენტად აღნიშნული აქტივობა სწორედაც რომ გამოდგა. ახლა მთავარია იმ გამოწვევებს გაეცეს პასუხი, რომლებიც ასე ხელშესახები გახდა. ახლა სასწრაფოდ უნდა შევძლოთ პრობლემების გამოსწორება. ამ მხრივ უკვე დაგეგმილია რიგი აქტივობები. მაგალითად სადამრიგებლო პროგრამებში უკვე შევიტანეთ საკითხები კონფლიქტების მოგვარების გზების შესახებ. დაგეგმილია ამ კუთხით დამრიგებელთა გადამზადება. სკოლაში ისედაც დამკვიდრებული იყო ფილმების ნახვა და დისკუსიები. ამჯერად ისინი გადაირჩა. შეირჩა სპეციალურად ამ პრობლემების შემცველი ფილმები.
მსოფლიო კალენდრის მიხედვით დაგეგმილია საერთო სასკოლო აქტივობები.
დაბოლოს:
აღნიშნულ თემებზე პროფესიულ წრეებში საუბრისას ყოველთვის მრჩებოდა შინაგანი განცდა, რომ ჩემს სკოლაში ეს პრობლემები არ იდგა მწვავედ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამ თემებზე. იდეების მოედანი კარგი სარკე აღმოჩნდა ხარვეზების დასანახად. ხელთათმანი ნასროლია. გამოწვევა მიღებული. ჩვენ ვიწყებთ!
ნონა ჩუბინიძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი,
სკოლის დირექტორი
0 коммент.:
Отправить комментарий