ისტ–ის გამოყენებით შექმნილი რესურსები და თამაშებით მათემატიკის სწავლება
სასკოლო განათლების მიზნები საგრძნობლად შეიცვალა. თუ რამდენიმე წლის წინ სწავლება ფაქტების, ფორმულებისა თუ აქსიომების დამახსოვრებაზე იყო ორიენტირებული, ახლა გაცილებით რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოქმედ მასწავლებლებს მიზნად დაუსახა მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების დონის ამაღლება. ელექტრონული სისტემების განვითარება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მასწავლებელს მასალის მარტივად, გასაგებად და თვალსაჩინოდ ახსნაში, მეორე მხრივ კი ჩვენი ამოცანაა მოსწავლეების სწორი ორიენტირება. ჩვენი მიზანია, მოვწყვიტოთ ბავშვები არასასურველ საიტებსა თუ აპლიკაციებს და მათი უნარები სასწავლო მიზნების გაუმჯობესებისკენ მივმართოთ. უნდა აღინიშნოს, რომ დაბალ საფეხურზე ბუკებით სწავლების შემოღებამ ამ მიზნის მიღწევა გააადვილა. სხვა საქმეა საბაზო და საშუალო საფეხურები, სადაც შესამჩნევია მოსწავლეების ლტოლვა ელექტრონული თამაშების მიმართ. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ეცდება, თამაშების შექმნით მოზარდებს ეს სურვილი დაუკმაყოფილოს. სასწავლო თამაშების შექმნის შესაძლებლობას უკვე მრავალი საიტი თუ აპლიკაცია იძლევა.
მე-6 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმა მიზნად გვისახავს, მოსწავლეებს ვასწავლოთ არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების შედარება:
მათ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის – რიცხვით სხივზე);
გარდა ამისა, გამჭოლი კომპეტენციის ფარგლებში ისტ–ის სარეკომენდაციო სასწავლო რესურსებში მითითებულია თამაშით სწავლების უპირატესობა:
სარეკომენდაციო შინაარსი (სასწავლო რესურსები)
● თამაშის ტიპის კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ ახალი შინაარსის ათვისება ან/და შესაბამისი უნარების განვითარება სათამაშო გარემოში (მაგალითად: ახალი სიტყვების შესწავლა; არითმეტიკული ოპერაციების შესწავლა ვირტუალურ მაღაზიაში; გეომეტრიული ფიგურების გააზრება, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში მოგზაურობა, რომლის დროსაც შესაძლებელია რამდენიმე სასწავლო დისციპლინის ინტეგრირება).
აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში მოსწავლეებს ჯერ კიდევ თამაში ურჩევნიათ, ამიტომ მათთვის სასწავლო ელექტრონული თამაშების შექმნა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მხრივ კარგი რესურსია საიტი
http://learningapps.org/. აქ მრავალი შაბლონია, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია თამაშების შექმნა. მასწავლებელს ფართო არჩევანი აქვს, მოარგოს შაბლონს მისთვის საჭირო თემა და საინტერესო გახადოს სასწავლო პროცესი. ამ მიზნის მისაღწევად მე შევქმენი თამაში, რომელიც რიცხვების კლასიფიკაციის საშუალებას იძლევა:
http://learningapps.org/display?v=p3zpqeb3301
ცალ მხარეს ჩამოწერილია რიცხვები 1 და 10, ხოლო მეორე მხარეს მოცემულია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვები 1-დან 10-მდე. მათ შორის არის როგორც მეათედები, ისე მეასედებიც. მოსწავლეებმა ათწილადები უნდა დაელაგონ ზრდადობის, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ – კლებადობის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში მარჯვნივ მონიშნულია ათწილადი 3,6, ხოლო მარცხნივ – რიცხვები 1, 10 და საორიენტაციო ათწილადი 2,05. მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომელ ლურჯ ისარს დააწკაპოს მარცხენა მხარეს, რათა ათწილადი თავის ადგილას ჩასვას, ანუ სადაა მისი ადგილი – 1-დან 2,05-მდე თუ 2,05-დან 10-მდე. თუ ათწილადს სწორად შეურჩევს ადგილს, ზემოთა ზოლში მდებარე „მოთამაშის” ფანჯრის ქვეშ ქულა დაეწერება. ამის შემდეგ კომპიუტერი ჩასვამს ათწილადს და მასაც მიემატება ქულა. ასე უნდა დაალაგოს მოსწავლემ ყველა ათწილადი თავის ადგილას. რაც მეტ ათწილადს ჩასვამს მარცხნივ, მით მეტი ლურჯი ისარი გაჩნდება ეკრანზე და მოსწავლეს მეტი ფიქრი მოუწევს.
მოცემულ სურათზე ჩასასმელად (ცისფრად) მონიშნულია ათწილადი 4,8 და მოსწავლეს 7 სავარაუდო ადგილიდან (მარცხნივ 7 ლურჯი ისარია) უწევს შესაფერისის შერჩევა, ამისთვის კი შერჩეული ათწილადი ყველა წილადს უნდა შეადაროს. სასურველია, თამაშში რამდენიმე მოსწავლე მონაწილეობდეს. ამ შემთხვევაში ისინი ქულების დაგროვებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და მოტივაციაც ერთიორად იზრდება. ბავშვებს ეს თამაში ძალიან ახალისებთ. ერთმანეთს უხსნიან, რატომაა ამა თუ იმ რიცხვის ადგილი სწორედ იქ და ასე თამაშ-თამაშით სწავლობენ ათწილადების არსს, რაობასა და შედარებას.
მასწავლებელს არც ერთი მოსწავლის არავითარი უნარი არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და სასურველია, ის მოარგოს სასწავლო მიზნებს. მთავარი ხომ ისაა, მოსწავლემ სწორად გაიგოს ახსნილი საკითხი და მისი პრაქტიკაში გადატანა შეძლოს. ასე ის იოლად, თანაც ძალდაუტანებლად და ხალისით ისწავლის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის სხვადასხვა სივრცეში გამოყენებას.
მიჩნეულია, რომ მათემატიკა რთული საგანია და ბავშვებიც ასევე არიან განწყობილნი. ძალიან მინდა, ეს სტერეოტიპი დაიმსხვრეს. მათემატიკა ლოგიკური მეცნიერებაა. აქ ყველა საკითხი ერთმანეთთანაა კავშირში და თუ ამ კავშირებს სწორად დავანახებთ მოსწავლეებს, მათ არასოდეს გაუჭირდებათ მათემატიკის სწავლა.
ნონა ჩუბინიძე
ქ. ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელი
0 коммент.:
Отправить комментарий